გაბუნია: აჭარაში სტაბილიზაციის ტენდენცია იკვეთება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ტექნოლოგიურად ძალიან კარგად არის მომზადებული, აპარატურა ახალია, გრძელდება ექიმების მობილიზების პროცესი.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შეინიშნება და ეს პრევენციული და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად მივიღეთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან ბათუმში აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

გაბუნიას თქმით, ასეთი ტენდენცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დაახლოებით ათი დღეა რეგიონში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა. მისი აზრით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

ბათუმის შემდეგ თბილისი: კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

გაბუნიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევები შესაბამისად იმართოს. ამისთვის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი ხვდება, ტექნოლოგიურად ძალიან კარგად არის მომზადებული.

„აპარატურა ახალია, ექიმების მობილიზების პროცესი გრძელდება. ამ კვირის განმავლობაში ასევე მოხდება სხვადასხვა კლინიკიდან დამატებით ექიმების მობილიზება და განსაკუთრებული აქცენტი კვლავაც მძიმე და კრიტიკული შემთხვევების მართვაზე იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსუბუქ შემთხვევებში პაციენტების მკურნალობა ბინაზე ხდება, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან აჭარაში გარდაცვალების შემთხვევების მატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფიცირების მომატებულ შემთხვევებს უკავშირდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს>>

„ის, რომ აჭარაში გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკავშირდება იმას, რომ შემთხვევების რაოდენობაც მაღალი იყო. თუმცა, რეგიონში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ შეინიშნება. ყველაფერი შედარებითია. ზოგადად, ქვეყანა ლეტალობის მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში“, – განაცხადა გაბუნიამ.

COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რომელი თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. შემთხვევების უმეტესობა აჭარაზე მოდის. ბოლო რამდენიმე დღეა, რეგიონში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ კლება დაიწყო, თუმცა გაიზარდა მაჩვენებლები თბილისში.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 472-ით გაიზარდა და 10225-ს მიაღწია. ახალი 472 შემთხვევიდან აჭარაში 230 გამოვლინდა. ეს მაჩვენებელი წინა დღეს 259 იყო.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.