ყვითელი ამბები

ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ამბასადორი გახდა

შემსრულებელმა სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის Cartier-ის ამბასადორი გახდა. შემსრულებელმა სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

ხატია წერს, რომ ძალიან გახარებულია და მადლობას უხდის ბრენდს ამისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ და გახარებული, რადგან ლეგენდარული Cartier-ის ამბასადორი გავხდი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი ოჯახის წევრი, რათა მომავალში თქვენთან ერთად ბევრი შესანიშნავი რამ შევქმნა თქვენთვის დამახასიათებელი ხიბლითა და გლამურით ხელოვნებისა და კულტურისთვის“, – წერს პიანისტი.

ამჟამად ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.

ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.

ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს და გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.