კერძო საგანმანათლებლო სექტორის ბიზნესი საფრთხეშია – სად ეძებენ მაშველ რგოლს მფლობელები

რთული იქნება საქმიანობის გაგრძელება, ამბობენ კერძო ბაღების მფლობელები და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. კერძო ბაღების დირექტორები სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას, მხარდაჭერას და სუბსიდირებას ითხოვენ, რადგან, მათი განცხადებით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად კერძო ბაღები დაზარალდნენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელი გიგი სისვაძე და კერძო ბაღების დირექტორები ესაუბრნენ. 

სისვაძის განცხადებით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა კერძო საგანმანათლებლო სექტორი, ვინაიდან სასწავლო პროცესი მთლიანად გაჩერდა.

რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში – შრომის ინსპექცია შემოწმებას განაგრძობს
„განსაკუთრებით დაზარალდნენ ბაღები, რადგან ბაღები ვერ სთავაზობენ თავიანთ ბენეფიციარებს თუნდაც დისტანციურ სწავლებას. დაახლოებით რვა თვეა, რაც ეს სექტორი მთლიანად გაჩერებულია. არანაირი შემოსავალი მათ არ გააჩნიათ. ამის უკან დგას ოჯახები, დასაქმებული ადამიანები, ის მოიჯარეები, რომლებისგანაც ჩვენ ფართები გვაქვს აღებული“, – განაცხადა სისვაძემ.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ სწავლა სექტემბერში განახლდებოდა. სააღმზრდელო პროცესის მოსამზადებლად დამატებით თანხები დაიხარჯა, მაგრამ სასწავლო პროცესი არ განახლდა. ეს კი ამ სეგმენტზე ცუდად აისახა. ამასთან, კერძო ბაღებმა დაკარგეს ბენეფიციარები. მშობლებმა შვილები კერძო ბაღებიდან საჯარო ბაღებში გადაიყვანეს.

რამდენმა მშობელმა არჩია ბავშვის დისტანციურ სწავლებაზე დატოვება

კერძო ბაღების დირექტორები ითხოვენ, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები და აღმოუჩინოს მათ მხარდაჭერა, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში ბიუჯეტში იხდიდნენ გადასახადს, ახლა კი მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და სუბსიდირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვიწევს ბიუჯეტის გადასახადები. სახელმწიფო არც ამ ნაწილში იღებს ხმას და დუმს. გვაქვს საშემოსავლო გადასახადები, ქონების გადასახადი, რომელიც არ არის პატარა თანხა. ფაქტიურად მთლიანი წელი ჩვენ არ გვიმუშავია და საგადასახადო გვთხოვს ამ გადასახადს“, – განაცხადა სისვაძემ.

საბავშვო ბაღ „იავნანას“ ხელმძღვანელის სალომე ჭანტურიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ საშემოსავლო გადასახადს თუნდაც ერთი წლით გადაავადებენ.

უკეთესია, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა: რა აჩვენა საბავშვო ბაღების მონიტორინგმა
„ჩვენ სტანდარტებს, რეგულაციებს ვაკმაყოფილებთ. გავიარეთ შემოწმება, უკვე დადებითი პასუხიც მივიღეთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 12 რიცხვში აპირებენ ჩვენ გახსნას. მოხარულები ვართ, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რაც მოუგვარებელი რჩება. ბავშვების ნაკადი, ფაქტობრივად, გაგვინახევრდა. ძალიან გაგვიჭირდება იჯარის გადახდა, პერსონალის ხელფასების გადახდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა. თუნდაც ერთი წლით რომ გადაგვიწიონ საშემოსავლო გადასახადი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ჭანტურიშვილმა.

როგორც ბაღის დირექტორები აღნიშნავენ, ეს სექტორი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.