თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ზუგდიდში პროტესტით შეხვდნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ მერაბიშვილი ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა.
ადგილობრივი მოსახლეობა მერაბიშვილს აგრესიულად შეხვდა და მას წარსულში ჩადენილი დანაშაულები შეახსენა. მათი განცხადებით, მერაბიშვილს რეგიონში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს.
რესტორანში კონფლიქტი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სიტუაცია საპატრულო პოლიციის გამოჩენის შემდეგ განიმუხტა. მერაბიშვილმა რესტორანი კომენტარის გარეშე დატოვა.
ყოფილი ჩინოვნიკი ზუგდიდში დილით გამოჩნდა, რეგიონში მისი ჩასვლის მიზანი უცნობია. მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებოდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრები მასმედიისთვის დახურული იყო.
მერაბიშვილი ენმ-ის წევრებთან ზაზა გოროზიასთან და ანი წითლიძესთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას სახლში იმყოფებოდა, სადაც, სავარაუდოდ, გაიმართა „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე 7-წლიანი პატიმრობიდან 20 თებერვალს გათავისუფლდა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იგი ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო. ადრე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გეგმავს „ივანიშვილის რეჟიმთან“ ბრძოლას, თუმცა გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას.