თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობას მისასალმებელი ფაქტი უწოდა და ყველას მოუწოდა, ამ თემის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.
ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ გაშენებულა - ეკოლოგი >>
ახალი ცენტრალური პარკი თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. ეს ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს.
„როგორც „ქართული ოცნებისთვის“ არის არჩევნები, ასევეა ოპოზიციისთვის. კარგი ფაქტი მოხდა და ვაღიაროთ, რადგან ამით მომავალში ისარგებლებს როგორც ოპოზიციის, ასევე – მმართველი პარტიის წარმომადგენელიც. აბსოლუტურად არ არის საჭირო ამ თემის პოლიტიზება“, - განუცხადა ჟურნალისტებს სალუქვაძემ.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, სხვებმაც რომ მიბაძონ ბიძინა ივანიშვილს და გადასცენ დედაქალაქს ის ტერიტორიები, რომლებიც მათ საკუთრებაშია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარ გამოვლინებებს მივესალმოთ, მოვიწონოთ. ძალიან ბევრია ისეთი ტერიტორია თბილისში, რომელიც კერძო საკუთრებაშია და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ სხვა კერძო მესაკუთრეებიც დაფიქრდებიან, ამგვარ ტერიტორიებს ქალაქს დაუბრუნებენ, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელი იქნება. ქალაქს ნამდვილად სჭირდება გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიები განაშენიანებულ ნაწილში“, - განაცხადა სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში გამწვანებისა და რეკრეაციის წილი კატასტროფულად მცირეა - საშუალოდ სამი კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე.
სალუქვაძის თქმით, თბილისს ძალიან სჭირდება გამწვანებული და სარეკრეაციო ტერიტორიები.
„მოდით, ყველა საკითხის პოლიტიზირებას შევეშვათ... ახლა მთავარზე ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქალაქისთვის. „მწვანე ქალაქი“ ქალაქის გენგეგმის ერთ-ერთი კონცეპტუალური მიმართულებაა. პარკების მშენებლობა, გამწვანებული ტერიტორიების განახლება თუ სხვა, ეს ყველაფერი ჯდება ამ კონცეპტუალურ მიმართულებაში. ამის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელიც იქნებოდა ქალაქში სრულფასოვნად ცხოვრება“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორია სრულად არ გადასცა ქალაქს, არამედ რვა ჰექტარი თავისთვის დაიტოვა. სალუქვაძემ განმარტა, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა №1-ის სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ იქ კერძო მშენებლობა აკრძალულია.
„რაც შეეხება თავად პარკს, იმ ფუნქციას, რომელიც აქვს – ჩვენ, ჯერჯერობით, ვნახეთ რენდერი. ნათქვამი იყო, რომ ამ ყველაფრის დეტალური პროექტირება მომავალში მოხდება. გენგეგმას თავისი მიდგომა ჰქონდა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რა ფუნქციით უნდა ყოფილიყო ეს პარკი, ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ. ძალიან სპეციფიკური ტერიტორიაა. ეს არ არის კლასიკური გაგებით პარკი. სანამ დეტალურ გეგმარებაზე გადასულა თბილისის მერია და ის ჯგუფი, რომელიც ამას აპროექტებს, ჩვენი რჩევაა, მოხდეს უკვე არსებული ესკიზის საჯარო განხილვები“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტის დაგეგმარებისას ყველას აზრი მნიშვნელოვანია, რათა გათვალისწინებული იყოს იმ ჯგუფების ინტერესებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ ან ისვენებენ, აღნიშნა მან.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ქალაქისთვის გადაცემის ფაქტი ოპოზიციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვეს.
როგორი იქნება ცენტრალური პარკი
ახალი ცენტრალური პარკის პრეზენტაცია, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება და დაიყოფა 26 გასართობ და დასვენების ზონად, სამშაბათს გაიმართა. http://tbilisi.gov.ge/news/10688
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.
პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. პარკში დაიდგმება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.
ახალი პარკის პროექტზე ჰოლანდიურმა კომპანიამ იმუშავა. პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები დასახულია. პროექტის განხორციელება უახლოეს დროს დაიწყება. ფონდი „ქართუ“ პარკის მოსაწყობად რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გამოყოფს.