კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის განტვირთვისთვის ახალი გზის პროექტი მუშავდება

თბილისის მერის განცხადებით, ვაკეში რამდენიმე ცხელი წერტილია, განსაკუთრებით ეს ყიფშიძის ქუჩას ეხება, სადაც პიკის საათებში ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. უკვე მიმდინარეობს ახალი გზის პროექტზე მუშაობა, რომელიც ყიფშიძის ქუჩას ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილთან დააკავშირებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად განტვირთავს ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას.

კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება

კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირთან რამდენიმე „ცხელი წერტილია“ და ერთ-ერთი ყიფშიძის ქუჩაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან ძალიან გადატვირთულია და „არის შემთხვევები, განსაკუთრებით პიკის საათებში, როდესაც ქუჩა იჭედება“. უკვე მუშავდება პროექტი, რომელიც ყიფშიძის ქუჩიდან ახალი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი გზის პროექტი, რა თქმა უნდა, ყიფშიძის ქუჩაზე ვითარებას აბსოლუტურად შეცვლის“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია მზადაა, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული ავტოფარეხები აიღოს. ისინი ძალიან უშლის ხელს გადაადგილებას. თუ მოსახლეობა თანხმობას განაცხადებს, არსებული ტერიტორია მოწესრიგდება.

თბილისში ავტობუსის სატრანზიტო დერეფნები ამუშავდება>>

„თუ ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს ფარეხები ავიღოთ, არსებულ ტერიტორიას მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ და მათ საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ისევ თავიანთი შვილებისთვის და საკუთარი თავისთვის – ტერიტორია, რომელიც იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე: ეს ქალაქი არის ყველასთვის

თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 2019 წლის მაისის ბოლოს დაიწყო და წელს, ზაფხულში დაასრულა.

კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქის ქუჩების განტვირთვაა.

მერის ჩანაფიქრით, თბილისში ყველას – კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებს თავისი სივრცე ექნებათ.

მისი თქმით, ყველაფერი, რაც კეთდება, თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც არსებული ეკოლოგიური ვითარება, გამონაბოლქვისგან დაბინძურებული ჰაერი ყველას აღელვებს. სატრანზიტო დერეფნების პროექტის განხორციელება კი შესაძლებელს გახდის, რომ პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრას და ჯანსაღი გარემო შეიქმნას.