დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. 

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დაწესებულების ყველა თანამშრომელს PCR–ტესტირება პერიოდულად, დადგენილების მიხედვით უტარდება. შესაბამისად, დამატებითი ტესტირების ან თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დგას.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება. ამ დროისათვის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, ტესტი ჩაუტარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძესაც. არც ერთ კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5823, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.