თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ვფიქრობ, ინფიცირებულთა დღევანდელი რიცხვის მინიმუმ გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს, დიდი მატების შემთხვევაში – არ ვიცი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით 500 შემთხვევა ვლინდება. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ფიქსირდება. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია.
ცერცვაძის განცხადებით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.
„ფაქტია, რომ ამ რაოდენობას ჯერჯერობით ვმართავთ ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად. არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და, ვისაც სჭირდება, კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილობა არის საოცრად დაბალი. სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის კლინიკური სექტორი ვერ გაუძლებს დატვირთვას, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში თავის დროზე, ზუსტად ვერ გეტყვით. ჯერ საკმარისი რესურსი და მარაგი გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ინფიცირებულების რიცხვის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მასშტაბური შეზღუდვებისა და სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ განიხილება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.