მსოფლიო დღეს

სამწუხარო გამოცდილება: ყირგიზეთში ბანკომატებიდან მთელი ფული ამოიღეს

ყირგიზეთის ბანკების კავშირის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ კომერციული ბანკების ოფისები და ბანკომატები, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ამუშავდება.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბანკომატი გამოვრთეთ და ფული ამოვიღეთ, განაცხადა ქვეყნის ბანკების კავშირის პრეზიდენტმა ანვარ აბდრაევმა.

„თქვენ გახსოვთ 2005 და 2010 წლების სამწუხარო გამოცდილება, როდესაც გარკვეული პირები ბანკომატებს ტეხდნენ და მაროდიორობდნენ. აი, სწორედ ამ სამწუხარო გამოცდილების საფუძველზე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, — ციტირებს აბდრაევს „Sputnik–ყირგიზეთი“.

ბანკების კავშირის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ კომერციული ბანკების ოფისები და ბანკომატები, სავარაუდოდ, ოთხშაბათს ამუშავდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტრომ ყველა საფინანსო ოპერაცია შეაჩერა.

ყირგიზეთის ცესკომ არჩევნების შედეგები გააბათილა

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ, 5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქცია წამოიწყეს. პროტესტის მონაწილეები ხმის მიცემის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. უკვე საღამოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რა დროსაც, ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაშავდა 686 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

მოგვიანებით რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა აღიარა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას, ხოლო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.