თბილისის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ დროისათვის ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და სკოლის შემდგომი ნაბიჯები სპეციალისტების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეს COVID-19  დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 99 თბილისში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე ვირუსით, სავარაუდოდ, გასულ კვირაში ერთ-ერთ წვეულებაზე ყოფნისას დაინფიცირდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ბავშვი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო. სკოლის ადმინისტრაციას ინფორმაცია მოსწავლის მშობელმა გუშინ, საღამოს მიაწოდა. 

რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში – შრომის ინსპექცია შემოწმებას განაგრძობს

21-ე საჯარო სკოლის დირექტორის თამარ ამზაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თვითიზოლაციაში მხოლოდ იმ კლასის მოსწავლეები და პედაგოგი გადავიდნენ, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. 

„მხოლოდ იმ კლასში, სადაც ინფექცია გამოვლინდა, სწავლის პროცესი ონლაინ–რეჟიმში გაგრძელდა. 29-ვე მოსწავლე და კლასის მასწავლებელი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ამასთან, თამარ ამზაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და თუ როგორ გააგრძელებს სკოლა საქმიანობას, სპეციალისტების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.