საქართველო–სომხეთის მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფამ, რეგიონში არსებული ვითარების გამო, სომხეთისა და ალბანეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრის გაუქმება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საფეხბურთო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის უეფას ერთა ლიგის ფარგლებში, რომელიც 11 ოქტომბერს ერევანში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ნეიტრალურ მოედანზე შედგეს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, იუწყება „პირველი არხი“.

„ახლა უეფასთან და სომხეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება გვაქვს – უეფა ელოდება სომხეთიდან პასუხს. ჩვენ თამაშზე უნდა გავემგზავროთ და უნდა ვიცოდეთ, სად ვითამაშებთ“, – განაცხადა მუჯირმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბელარუსთან შეხვედრის წინ პირველი ვარჯიში გამართა

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მატჩამდე სომხეთის ნაკრებს თავის მოედანზე ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა ალბანეთთან. თუმცა უეფამ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მუჯირის თქმით, შესაძლოა, საქართველო–სომხეთის მატჩიც ნეიტრალურ მინდორზე გაიმართოს. უეფა შესაძლო ვარიანტად ოთხ ქვეყანას განიხილავს: კვიპროსი, საბერძნეთი, პოლონეთი და უნგრეთი.

უფრო ადრე სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე Twitter-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფამ, რეგიონში არსებული ვითარების გამო, სომხეთისა და ალბანეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრის გაუქმება გადაწყვიტა, ასევე უეფა თვალს ადევნებს რეგიონში მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებას საქართველო–სომხეთის მატჩთან დაკავშირებით მოგვიანებით მიიღებს.

კონფლიქტი ყარაბაღში: დანგრეული სახლები და ადამიანები თავშესაფრებში>>

მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი სეზონის მესამე ტურის ფარგლებში უნდა გაიმართოს. ორივე გუნდი С ლიგის მეორე ჯგუფში გამოდის. ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ჯგუფში ოთხი ქულით მეორე ადგილი უკავია, ხოლო სომხეთს სამი ქულით – მესამე.