თუ გვსურს ორგანიზმი უფრო ხანგრძლივად დავიცვათ ვირუსებისგან, საჭიროა ჯანსაღი იმუნიტეტი. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი.
იმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. იმუნური სისტემის უჯრედებს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება ცილები, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი, პარკოსნები. ასევე ვიტამინები, მიკროელემენტები, კალიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, იოდი, სელენი, გერმანიუმი და სხვ.
კაკალი
მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი. ხალხურ მედიცინაში კაკალი დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის წენგოს ნახარშით ასკარიდა ჭიებს გამოდევნიდა, ავიცენა რეკომენდაციას უწევდა დანაყილი ნიგვზისა და თაფლის ნარევის გამოყენებას ტუბერკულოზის დროს და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.
იმუნიტეტის ასამაღლებლად დღეში 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები და სასარგებლო დოზაა. ასევე გირჩევთ, დილით უზმოზე მიიღოთ ერთად გატარებული ნიგოზი, თაფლი და ქიშმიში. ერთი ჩაის კოვზი ნარევი აგიმაღლებთ განწყობას, იმუნიტეტს და შემართებით განგაწყობთ.
გრეიპფრუტი
იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად აუცილებელი მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია ციტრუსები, განსაკუთრებით გრეიპფრუტი, რომლის შოვნაც ამ სეზონზე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. დღეში ერთი გრეიპფრუტის მიღება იმუნურ სისტემას უფრო გაგიძლიერებთ და ვირუსებისგან დაგიცავთ.
ნიორი
იმუნიტეტის ასამაღლებლად არაერთი სახეობის ბოსტნეულის მიღებაა აუცილებელი, თუმცა ნიორს ცალკე გამოვყოფთ. ნიორი რომ ვირუსების გავრცელებას ხელს უშლის, თქვენთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ იქნება. მართალია, ბევრი ნივრის ჭამა არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, სამაგიეროდ, გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ. დღეში 2-3 კბილი ნივრის მიღება თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს.
ბოსტნეული
იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, სელენს, გერმანიუმს. ამიტომ აუცილებელია ისეთი ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება, როგორებიცაა ბროკოლი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ბარდა, ხახვი, ბოლოკი და ა.შ.
თაფლი
იმუნიტეტის ასამაღლებლად ყოველ დილით უზმოზე მიირთვით ორი ჩაის კოვზი თაფლი, ან წყალში გახსენით და ასე მიიღეთ. თაფლი ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს და მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმიც მთლიანად ითვისებს.
ფეხით სეირნობა
შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენი იმუნური სისტემისთვის იდეალური იქნება, თუ სუფთა ჰაერზე დიდ დროს გაატარებთ. სასურველია ბევრი ისეირნოთ, ირბინოთ ან ველოსიპედით იაროთ. მედიკოსები გვაძლევენ რეკომენდაციას – იმისათვის, რომ ვირუსებმა ვერაფერი დაგაკლონ, დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯი უნდა გადადგათ.
იმუნიტეტის ასამაღლებლად შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი ნარევი
ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალური ნივთიერებით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ თაფლი, 200 გ ნიგოზი, 200 გ უკურკო შავი ქლიავის ჩირი, 200 გ გარგრის ჩირი, 200 გ ქიშმიში (თეთრიც და შავიც) და ერთი ლიმონი.
ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ, შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ მასას, რომელიც ყოველდღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. ნარევი შეინახეთ მაცივარში.
აღნიშნული ინგრედიენტების გარდა ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა და ლეღვის ჩირი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!