ბურჯანაძე: სააკაშვილს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სერიოზული პრეტენზიები აქვს და არ დაუშვებს მის ხელისუფლებაში დაბრუნებას.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას წამოაყენებს, იგი მას მხარს არ დაუჭერს. 

შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას

სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა, რამაც სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში, რომელიც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

„მე რა პრეტენზიებიც მაქვს სააკაშვილთან, ამას საყვედური არ ჰქვია, ეს უფრო მეტია. მე მასთან მაქვს აბსოლუტურად სამართლიანი და რეალური პრეტენზიები. და ამ წლების განმავლობაში პრეტენზიები არ შეცვლილა, პირიქით, მოემატა. ჯერ კიდევ 2009 წელს მე იმიტომ ვიდექი და ვითხოვდი სააკაშვილის გადადგომას, რომ ვთვლიდი: პრეზიდენტმა, რომელმაც ომი წააგო, უნდა დატოვოს თანამდებობა, მას არ აქვს უფლება, გააგრძელოს ქვეყნის მართვა. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძემ „ქართული ოცნება“ დაადანაშაულ იმაში, რომ მმართველმა პარტიამ თავის დროზე სააკაშვილთან დაკავშირებულ ყველა კითხვას არ გასცა პასუხი. 

ყველაფერი ახლებურად: სააკაშვილმა საქართველოსთვის გეგმა გამოაქვეყნა

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს და ვამბობ, რომ თუ ერთიან ოპოზიციას პრემიერ- მინისტრის კანდიდატად სააკაშვილი ეყოლება, ის ჩემს ხმას ვერასოდეს ვერ მიიღებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ია. არჩევნებზე ხმის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.