თბილისში „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

სამხედრო ქალაქში, რომლის მშენებლობაც 2022 წლამდე დასრულდება, ბინების ყიდვას შეღავათიან ფასებში 1092 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა დაიწყო, სადაც ქართველი სამხედროები ბინების შეძენას შეღავათიან ფასებში შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით უწყება სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ცხოვრების ღირსეულ პირობებს შექმნის მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით.

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ქალაქი 1 ათასზე მეტ სამხედროზეა გათვლილი. შეღავათიან ფასებში ბინების შეძენა შეუძლიათ გენერლებს, პოლკოვნიკებს, ვიცე-პოლკოვნიკებს, ასევე მაიორებს, რომლებსაც ის დღემდე არ მიუღიათ, და სერჟანტთა კატეგორიას.

„ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს.

თავდაცვის უწყება სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლას დააფინანსებს

მშენებლობის დაწყების პროცესში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მალე „ჯარის ქალაქის“ მცხოვრებლები გახდებიან.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, აშენდება 39 შვიდსართულიანი სახლი, სულ 1092 ბინა. სამხედროები შეძლებენ შეიძინონ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით და უპრეცედენტო შეღავათიანი პირობებით.

„ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები.

სამხედროებს ბინების ღირებულების მხოლოდ 50%-ის გადახდა მოუწევთ.

საცხოვრებელი ფართობის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. სამხედროები უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობას შეძლებენ.