მსოფლიო დღეს

ჩავუშოღლუ ბაქოშია: რას წერს თურქი მინისტრი სოციალურ ქსელში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩაფრინდა, რათა ქვეყნის პრეზიდენტსა და აზერბაიჯანელ კოლეგასთან მთიანი ყარაბაღის საკითხებზე იმსჯელოს.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ დელეგაციასთან ერთად ეწვია აზერბაიჯანს და უკვე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.

„ჩვენ ბაქოში იმისთვის ჩამოვედით, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი სახელმწიფოსა და ერის მხარდაჭერა და სოლიდარობა მოძმე აზერბაიჯანის მიმართ“, — დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე ბაქოში ჩასვლისთანავე.

​გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თურქი მინისტრი ასევე შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს და მასთან მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. გარდა ამისა, მხარეები განიხილავენ სხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებსაც.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.