საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 54-ს მიაღწია

ექიმების ცნობით, გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ლეტალური ფაქტები დაფიქსირდა ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში.

ბათუმში კორონავირუსით 80 და 65 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 80 წლის ქალს თანმდევი დაავადებები აღენიშნებობა – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი. 

COVID-19 საქართველოში: ანტირეკორდების სერია გრძელდება – ახალი შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება მეორე პაციენტს, 65 წლის ქალს აღენიშნებოდა პრევმონია, ფილტვის თრომბოემბოლეა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

რაც შეეხება ქუთაისს, აქ დღეს ორი პაციენტი გარდაიცვალა.

87 წლის ქალი ქუთაისის კლინიკა „ჰოსპიტალ სერვისში” გურიიდან შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. 62 წლის მამაკაცი კი მკურნალობის კურსს კლინიკა „ბომონდში” გადიოდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში ბათუმიდან 24 სექტემბერს გადაიყვანეს. პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და 8696-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 54, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.