„აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის დახმარების ახალ პროექტს იწყებს

პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესის დახმარებას აგრძელებს – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 5 ოქტომბრიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს-იდეების მიღებას იწყება.

განაცხადების მიღება 18 ოქტომბერს დასრულდება, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, რომელზეც დამსწრეთ ბიზნეს-იდეების მოწოდების პირობები გააცნო.

ხიდურელის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ერთი პროექტის დაფინანსების მოცულობა კი 30 ათას ლარამდე.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმის თანამონაწილეობის თანხის მოცულობა 20%-ის ნაცვლად 10% იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 5%, განაცხადა ხიდურელმა და აღნიშნა, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა. 

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს. ასევე მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაში“, – განაცხადა სააგენტოს დირქტორმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

ბიზნესის დახმარება

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. 

საქართველოში ბიზნესისთვის მიკროგრანტების მოცულობა გაიზარდა

პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას.

საუბარია სესხების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომლებიც მოიცავს 200-ზე მეტი სახის საქმიანობას და მიკროგრანტებს, რომლებიც ეხება 300-ზე მეტი სახის საქმიანობას.

პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.