WizzAir -მა პირველი რეგულარული რეისი რიგა–ქუთაისი შეასრულა

WizzAir -მა რეგულარული ავიარეისები 4 ოქტომბერს განაახლა – ამ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik.  ექვსთვიანი პაუზის შემდეგ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ  პირველი რეგულარული ავიარეისი რიგა-ქუთაისი-რიგა შეასრულა და ლატვიის დედაქალაქიდან  საქართველოში 108 მგზავრი ჩამოიყვანა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 

დღეიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ავიარეისები განახლდება

ჩამოფრენილ მგზავრბს შორის  96 საერთაშორისო ვიზიტორია,  12 კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, აეროპორტიდან  საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

Wizz Air–მა რეგულარული ფრენები კვირას აღადგინა – ამ ეტაპზე რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული და არაკომერციული რეისები ხორციელდებოდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტეს, ქუთაისის აეროპორტი პანდემიის პირობებში რეგულარულ ავიარეისებს დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით შეასრულებს.

2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 874 ათას მგზავრს მოემსახურა.