თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 42 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.
პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.