ილია მეორე: დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია

საჭიროა  გვერდში დავუდგეთ და ვიშრომოთ სხვა ადამიანებისთვის, რათა მათ ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, გავუფრთხილდეთ ადამიანს, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა,  დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია. საჭიროა  გვერდში დავუდგეთ და ვიშრომოთ სხვა ადამიანებისთვის, რათა მათ ცხოვრების დღეები გავუადვილოთ.

„მაცხოვარი ამბობს, სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანმა თავადაც უნდა დაინახოს და გაიაზროს იმ სათხოვნელის სიდიადე, რის გამოც ის ლოცულობს.