„შემახე ამნისტია“: პატიმრების დედებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე „ერთი ნაბიჯი“ დარჩა
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრების ორგანიზებით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატიმრების დედებმა პარლამენტის წინ პერმანენტული აქცია 8 სექტემბერს დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე საყოველთაო ამნისტიის დამტკიცებაა.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, პროტესტი იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც „შემახე ამნისტიას“ ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი, მოძრაობის წევრები ოთხშაბათს შეიკრიბებიან პარლამენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. 

„ვიბრძოლოთ ჩვენი პატიმრებისთვის! არ დავნებდეთ! ყველა ჩვენზე საუბრობს და ერთი ნაბიჯი დაგვრჩა იმ მიზნამდე, რასაც ამნისტია ჰქვია“, - წერია მოძრაობის ფეისბუქ-გვერდზე. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე შეტანილია, თუმცა „შემახე ამნისტიას“ წევრები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ რამდენიმე წევრი, მათ შორის პატიმრების მშობლები, უკვე ათ დღეზე მეტია, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობენ.

საქართველოში ბოლო საყოველთაო ამნისტია 2013 წელს განხორციელდა, მაშინ საპატიმროები 5 ათასმა პატიმარმა დატოვა.