საქართველომ თურქეთს ტონობით დაავადებული კარტოფილი უკან დაუბრუნა

უწყების ცნობით, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 25 ათასი კგ დაავადებული  კარტოფილი შემოვიდა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, თურქეთიდან კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება  სასაზღვრო–გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ გავლით შემოვიდა.

„ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის საკარანტინე მავნე ორგანიზმის,  კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.