თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოლებს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. განცხადებების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი სამი ქართული ფილმი იბრძოლებს.
- „დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- „უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- „ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესო ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი კი ცნობილი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება.
ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი ამერიკული კინოაკადემიის კომისიის წევრებს წარედგინებათ, რომლებიც კენჭისყრით ფილმს ან მოიწონებენ, ან ნომინანტების ნუსხაში არ შეიტანენ.
ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ნომინაციები კი გამოცხადდება 2021 წლის 15 მარტს.