ქართული ლექსი ბრიუსელის მეტროში: ევროპა ლია სტურუას პოეზიას ეცნობა

ფესტივალის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ევროპის ქვეყნების პოეზია ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ბრიუსელის მეტროს ვაგონებში პოეტ ლია სტურუას ლექსი გამოჩნდა ერთდროულად სამ — ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე, წერს მწერალთა სახლი საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ლია სტურუამ სწორედ მწერალთა სახლის ხელშეწყობით მიიღო მონაწილეობა 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში.

მისი ლექსი „რამდენი უპასუხობა“ ჰოლანდიურად დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნეს.

რამდენი უპასუხობა

რამდენი სართული თავზე,

საძირკველი გტკივა,

ჯერ მიწა ხომ არა ხარ,

დუმილს, მაინც, სწავლობ,

გარედან ვინც გეხება,

ისინიც არ დააფრთხო.

ამაზე უარესია,

ფანჯრიდან რომ გაიხედავ

და ვერავის ეტყვი:

- რა კარგი ამინდია!

ფესტივალ Transpoesie–ს  მიზანი, რომელიც კულტურის ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა კავშირმა დააფუძნა, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ევროპის ქვეყნების პოეზია ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით.