თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგის ცენტრმა“ (EMC) მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია „სამშვიდობო მანიფესტი“ გამართა.
აქციის 20–მდე მონაწილე მთავრობის კანცელარიის შენობასთან მივიდა ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანურ ენაზე ტრანსპარანტებით – „არ გვინდა ომი“, „არა ომს“, „კავკასია – ჩვენი სახლია“, „ომი – დანაშაულია, მშვიდობა – პასუხისმგებლობა“ და სხვა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დღეს მშვიდობის აღიარება ნიშნავს ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმისა და მილიტარიზმის ფესვგადგმულ იდეებზეე უარის თქმას, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ ძლიერია.
„ჩვენი ორგანიზაციის დღევანდელი აქცია მშვიდობას და ომის შეწყვეტას ეხება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას შეუძლია ხელი შეუწყონ ამ პროცესს, ამიტომაც აუცილებელია ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც აქციის დაწყებამდე გავრცელდა.