საქართველოში „სამშვიდობო მანიფესტს“ ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხებიც შეუერთდნენ

მანიფესტის ავტორები ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik.  საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა და სომხებმა ხელი მოაწერეს „სამშვიდობო მანიფესტს“, რომელშიც საქართველოს მთავრობას მთიან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. 

კობახიძე: საქართველო ყარაბაღზე მოლაპარაკებებისთვის შეიძლება საუკეთესო პლატფორმა იყოს

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანი რეგიონის განვითარების წინაპირობაა და ეს მთავრობამ არ უნდა დაარღვიოს. 

 „ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების აქტივისტები ერთად გამოვდივართ მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობისთვის და ჩვენი რეგიონის მთავრობას და საერთაშორისო სუბიექტებს მოვუწოდებთ მშვიდობიანი და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

არასამთავრობოები  აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად.

 „სამშვიდობო მანიფესტის“ ხელმომწერი არასამთავრობოები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ „ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში“. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებას მიმართავენ აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის. 

ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს

არასამთავრობოები მოუწოდებენ რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებებს არ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა.

არასამთავრობოები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს  მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

მანიფესტაციის ავტორები ასევე მოუწოდებენ საქართველოში მოქმედ მედია–საშუალებებს შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და  გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში.

დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 17 არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე შექმნილია პეტიცია, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ პირს შეუძლია. ამ დროისთვის „სამშვიდობო მანიფესტს“ 230–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ომი მთიან ყარაბაღში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.  

ტრამპი, პუტინი და მაკრონი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.