თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გეგმებში, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაა, განაცხადა ჟურნალისტენთან პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა პარტიული სიისა და წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება – მმართველი პარტია არჩევნების მესამედ მოგებას, ოპოზიცია კი კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს.
„ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ ხედვითა და გეგმით, 2024 წელს გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ხუთშაბათს წარმოდგენილ წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარია საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს“. ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება: ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში.