თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. პურისა და ფქვილის მიწოდებაში არანაირი შეფერხება არ იქნება და ფასებიც შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი პურპროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა და ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე საჭირო პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ბიზნეს-სექტორის მხრიდან არსებულ ვითარებაში პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მოწოდებაში არ გვექნება, ფასები შენარჩუნდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მათი თანამშრომლობა კონსტრუქციული, გამჭვირვალე და ეფექტიანია.
„ჩვენ უნდა შევძლოთ სტაბილურობის და, ამავე დროს, ბიზნესის განვითარებისთვის პოზიტიური გარემოს შენარჩუნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სოციალური მიმართულება შეხვედრის მონაწილე ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; გარკვეული მარაგების ხარჯზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ფქვილის ბაზარზე სტაბილიზაცია იქნება.
პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები იცვლება, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, თუმცა ქვეყანაში გარკვეული მარაგები არსებობს, ამიტომ სტაბილური ფასი უნდა შენარჩუნდეს.
საქართველოს სამომხმარებლო კალათა დღეს თითქმის 75%-ით იმპორტირებული პროდუქტებისგან შედგება, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი მარცვლეული კულტურა – ხორბალიცაა.
ფოთის პორტში ექვსი ათასი ტონა ხორბალი შევიდა - მარაგი 18 ათას ტონამდე გაიზრდება>>
წლის განმავლობაში საქართველო 500-700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების, დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. ხორბლის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა – თითქმის 90% რუსეთზე მოდის. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ რუსული ხორბლის ფასი დღეს საქარველოსთვის ყველაზე მისაღებია.