თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ექვს მაჟორიტარულ ოლქში შეძლებენ გამარჯვებას.
კვლევა ექვს მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა: საბურთალო და ისანი თბილისში, ბოლნისი–დმანისი–თეთრიწყარო–წალკა, თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი, კასპი–გორი, ხელვაჩაური–ქედა–შუახევი–ხულო. გამოკითხვის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ყველა ოლქში შეძლებენ ამომრჩევლის ხმების 50%-ზე მეტის აღებას.
ოლქი | პირველი ადგილი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი |
საბურთალო | „ქართული ოცნება“ დავით სერგეენკო 57,6% | „მოქალაქე“ ალექსანდრე ელისაშვილი 13,3% | „ლელო“ ბადრი ჯაფარიძე 9,1% |
ისანი | „ქართული ოცნება“ კახა კახიშვილი 53% | „ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძე 21,0% | „სტრატეგია აღმაშენებელი" გიორგი ვაშაძე 15,1% |
ბოლნისი–დმანისი–თეთრიწყარო–წალკა | „ქართული ოცნება“ გოგი მეშველიანი 50,7% | „ძალა ერთობაშია" კახა ოქრიაშვილი 44,1% | „ლელო" გიორგი ჭელიძე 4,3% |
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი | „ქართული ოცნება“ ირაკლი ქადაგიშვილი 52,1% | „ძალა ერთობაშია" გიორგი ბოტკოველი 38,0% | „ევროპული საქართველო" ზურაბ ჭიაბერაშვილი 7,7% |
კასპი–გორი | „ქართული ოცნება“ გიორგი ხოჯევანიშვილი 66,9% | „ძალა ერთობაშია" ბადრი ბასიშვილი 15,7% | „ევროპული საქართველო" ლევან თარხნიშვილი 7,4% |
ხელვაჩაური–ქედა–შუახევი–ხულო | „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძე 65,1% | „ძალა ერთობაშია" მიხეილ ბოლქვაძე 21,9% | „ლელო" ჯამბულ ხოზრევანიძე 5,3% |
ამავდროულად კომპანიამ ამავე ოლქებში პარტიების რეიტინგიც წარმოადგინა, რომელიც კანდიდატების მხარდაჭერის შედეგებისგან უმნიშვნელოდ განსხვავდება. მმართველი პარტიის მინიმალური რეიტინგია თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში 53,5%, ხოლო მაქსიმალური ბოლნისი–დმანისი–თეთრიწყარო–წალკის ოლქში – 67%.
ამავე კომპანიამ ერთი კვირით ადრე უპირობო გამარჯვება უწინასწარმეტყველა „ოცნების“ კანდიდატებს თბილისის ვაკისა და გლდანის ოლქებში, ასევე რუსთავში, ფოთი–ხობი–სენაკში, მცხეთა–დუშეთი–ყაზბეგი–თიანეთსა და საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაულში. ამგვარად, ამ დროისთვის გამოქვეყნებულია კანდიდატების რეიტინგები 30-დან 12 ოლქში.
Survation-ის გამოკითხვები მმართველი პარტიის მხარდაჭერის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს აჩვენებს, ვიდრე სხვა ორგანიზაციების გამოკითხვები. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ეს შედეგები მათი გამოკითხვების შედეგებთან ყველაზე ახლოსაა.
გამოკითხვა ჩატარდა 12–19 სექტემბრის პერიოდში. ცდომილება უცნობია. გამოკითხვაში მონაწილეობდა 1,8 ათასზე მეტი ადამიანი.