დაკავებული ექიმები: საქმის მთავარი ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მანამდე სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა აღნიშნული კლინიკის დირექტორი გიორგი ლობჟანიძე, რომელსაც ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ექიმების რეზონანსულ საქმეში მთავარი ბრალდებული ვახტანგ ყიფიანი 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, თუმცა არ დააკმაყოფილა საქმის მეორე ფიგურანტის – ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას ადვოკატის შუამდგომლობა და იგი პატიმრობაში დატოვა. 5 აგვისტოს გამართულმა სასამართლომ ხოჭოლავას, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს და საქმიანობს, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.  

დაკავებული ექიმების საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩაუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადაგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა ჩაატარა მაგდა ხოჭოლავას დახმარებით. მოგვიანებით მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა და დღემდე ამ მდგომარეობაშია.

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა.

მანამდე სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა აღნიშნული კლინიკის დირექტორი გიორგი ლობჟანიძე, რომელსაც ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთანავე კოლეგების მხარდაჭერის მიზნით არაერთი განცხადება გააკეთეს. ისინი მოითხოვდნენ საქმის განმეორებით განხილვას ექსპერტების ჩართვისა და ინსპექციის ახალი ოქმის შედგენით – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.

დაკავებულ ექიმებს სოლიდარობა და მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი კლინიკის ექიმებმა გამოუცხადეს. მათი მხარდამჭერი აქციები თითქმის ყოველ კვირაში ტარდებოდა.