თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებსა და რეგულაციებს ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს საკვები პროდუქტები დაურიგდება სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესის განახლებამდე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემა

საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბავშვები საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან.

კალაძის განცხადებით, სააღმზრდელო პროცესის გადადების გამო საკვებ პროდუქტებს, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, მიიღებენ მათი მშობლები.

„ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა ძალზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას და მთლიანად მსოფლიოს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებსა და რეგულაციებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი სასწავლო პროცესის დაწყებამდე სპეციალურ გადამზადებას გაივლის.

ამჟამად თბილისში 185 სახელმწიფო საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.