შეთანხმება ხელმოწერილია: საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩასასვლელად და დიდი თანხების გადახდა იმისთვის, რომ ლეგალურად დასაქმდნენ ქვეყანაში
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩვენი მოქალაქეების ისრაელში დროებით დასაქმების შესახებ, წერს საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია Facebook–ზე.

„დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“, — ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩასასვლელად და დიდი თანხების გადახდა იმისთვის, რომ ლეგალურად დასაქმდნენ ქვეყანაში. 

რამდენი ადამიანი გაემგზავრა საქართველოდან თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე

ელჩის განმარტებით, ამაზე უკვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმება მოიწონა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას“, — დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა.