ყვითელი ამბები

„ბაბუა დედის მხრიდან“ – ზურა ხაჩიძის და მისი ბაბუის შოკისმომგვრელი მსგავსება – ფოტო

ზურა ხაჩიძეს ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული ემოციები აქვს. მან დედის მხრიდან ბაბუის ფოტო გამოაქვეყნა. შვილიშვილსა და ბაბუას შორის დიდი მსგავსებაა.
Sputnik

„ბაბუა დედის მხრიდან“ – ზურა ხაჩიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ფოტო. როგორ ჩანს, ზურა ხაჩიძეს ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებულად უყვარს, რადგან მის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა დროს ნათესავების ფოტოები ხშირად ჩნდება.

მიუხედავად დიდი პრობლემისა, რომელიც ზურას მეუღლეს შეეხო, მომღერალი ფარ-ხმალს არ ყრის. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია. მათ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის ზურა ხაჩიძისა და მომღერალ ნინი ქარსელაძის დედის ხათუნა ჟორდანიას ქორწინებამ წლების წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფიქრობდნენ, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა, რადგან ხათუნა ჟორდანია მეუღლეზე დაახლოებით 10 წლით უფროსია. მათ ქორწინებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხშირად აშორებდნენ ერთმანეთს, მაგრამ წლების გავლის შემდეგ წყვილმა დაამტკიცა, რომ მათი სიყვარული ანგარებაზე არ იყო დაფუძნებული.