თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე არიან შეკრებილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ხის საამქროში ღამის საათებში გაჩნდა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 40 წუთში შეძლეს. ადგილზე 16 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთელი ღამის განმავლობაში ბაზრობაზე ძლიერი დაკვამლიანები იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა მოგვიანებით დაიწყება. მოვაჭრეების ნაწილის განცხადებით, მათ საქონელი დაზღვეული ჰქონდათ.