ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დილის ოთხი საათისთვის შეძლეს. ადგილზე 16 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, ხანძარი ხის გადამამუშავებელ საამქროში გაჩნდა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დილის ოთხი საათისთვის შეძლეს. ადგილზე 16 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარმა დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება 40 წუთში გახდა შესაძლებელი, თუმცა მის სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.

მთელი ღამის განმავლობაში ბაზრობაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.