თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიას 1 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის პირველი ოცეული სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა. მას სათავეში უდგას მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ხუთეულში არიან პარლამენტის როგორც მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ისე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე. სიაში ასევე მოხვდნენ მოქმედი დეპუტატები და პარტიის ლიდერები, სპორტსმენები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„სიაში ოცეულის შემდეგ თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეები. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რაც შემიძლია მოგაწოდოთ. საარჩევნო სია 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება და დეტალურად გეცოდინებათ იმის თაობაზე, თუ ვინ არის სიაში წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.
ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.