ეპიდვითარება აჭარაში – ინფიცირებულთა შორის 100-მდე ბავშვია

რეგიონში გრძელდება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აჭარის კოვიდ–ცენტრებში 463 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32 ბავშვი და 10 ორსულია, განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ბათუმის სათნოების სახლის 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა

გარდა ამისა, კოვიდ–კარანტინში 900-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, მათ შორის 60 ბავშვი, 600 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს.

„გასულ ღამეს აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 55 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს“, – განაცხადა ეფაძემ.

აჭარაში უკვე ამოქმედდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის ახალი პროტოკოლი – ინფიცირებიდან მეათე დღეს უსიმპტომო პაციენტები კოვიდ–ცენტრებიდან და საკარანტინო ზონებიდან საკუთარ ბინაში ბრუნდებიან.

დღეს ბათუმის კოვიდ–ცენტრები და საკარანტინო ზონები 400-მდე უსიმპტომო პაციენტმა დატოვა. 100 პაციენტი კოვიდ–ცენტრებიდან გაეწერა, 300 კი საკარანტინო ზონებიდან.

რეგიონში ამ დრომდე გრძელდება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების მიზნობრივი ტესტირება. პირველ ყოვლისა, საუბარია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებზე.