იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

იუსტიციის მინისტრი ამ წუთებში სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშს წარადგენს და გასული წლების საქმიანობას აჯამებს.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის პორტფელს ტოვებს.

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. ამდენად, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.

„ქართული ოცნება“ სრულ პარტიულ სიას 1 ოქტომბერს გამოაქვეყნებს

წულუკიანი ამ წუთებში სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშს წარადგენს და გასული წლების საქმიანობას აჯამებს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.  ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120–ს პარტიული სიებით და 30–ს – მაჟორიტარს ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%.