„იცნობდე შენს მეზობელს“ – თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

პანდემია მარადიული არ არის, კულტურული შიმშილობა – კი. დედაქალაქში იხსნება გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისის სასტუმრო Stamba–ში 30 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ოცზე მეტ მხატვარს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენას მართავს არტ–კომპანია „პროპაგანდა“, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო საერთაშორისო მასშტაბის გამოფენის მოწყობა.

„ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს“ - თბილისში მედიტაციური გამოფენა გაიხსნა

ქართველ მხატვრებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, პოლონელი, ესტონელი და სერბი მხატვრების პროექტები.

„ეს გამოფენა საერთო სურათის შექმნის, პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა და იმ „comradeship“-ის გრძნობის აღდგენის მცდელობაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ და მომუშავე ხელოვანებს შორის არსებობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გამოფენაზე დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით შემდეგ ვებ–გვერდზე. ვირტუალურად გამოფენის დათვალიერება კი შესაძლებელია აქ.

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა>>

„პროპაგანდა“ პირობას დებს, რომ პროექტს ყოველწლიურად გამართავს და ყოველ ჯერზე ღონისძიებაზე პასუხისმგებელი იქნება ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, კონცეფციითა და თემით.