ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

საქართველოში ცოტა ხნის წინ კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავდა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს >>

საქართველოში ცოტა ხნის წინ კორონავირუსით 32-ე პაციენტი  გარდაიცვალა. 57 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დღესვე თბილისში გარდაიცვალა 57 წლის ქალი, აჭარაში - 65 და 70 წლის მამაკაცები. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის გაახალგაზრდავებული სიკვდილიანობა“, – განაცხადა მინისტრმა.
გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იქნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტი დიალიზზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა, მისი მდგომარეობა კორონავირუსზე დართული გართულებების გამო დამძიმდა და ექიმებმა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

ლევან გოფოძის თქმით, პაციენტის კლინიკური ნიშნები, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

14 მოსწავლის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია: რა ვითარებაა სამეგრელოში >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით უკვე 32 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან 4 დღეს დაიღუპა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.