არჩევნები ახლოვდება – საუბნო საარჩევნო კომისიები თავმჯდომარეებს ირჩევენ

საუბნო კომისიების მუშაობის გამჭვირვალობისთვის მათ სხდომებზე დაიშვებიან საარჩევნო სუბიექტების, მასმედიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა 3 657 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები ჩატარდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

მისი თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება. თავდაპირველად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა

შესაბამის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. სხდომაზე დასწრება შეუძლიათ ასევე დარეგისტრირებულ დამკვირვებლებსა და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მუშაობის გამჭვირვალობა და გაიზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი.

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული და, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში ჩატარდება.