თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი ონლაინ-რეჟიმში გაგრძელდება, ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა, იუწყება „პირველი არხი“.
ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან ჯერჯერობით დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.
სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში – სოფელ ლაითურში, შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
ზურაბ ნასარაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მომატებულმა რისკმა განაპირობა.
„ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს>>
დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში, ასევე აჭარის გარდა – 19 ოქტომბერს.
ასევე 1 ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. აქაც გამონაკლისია აჭარის რეგიონი.
ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 31, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.