მსოფლიო დღეს

„საკუთარ საქმეებს მიხედე“ – ლუკაშენკო ემანუელ მაკრონს პასუხობს

ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ ქალს, რამაც შეიძლება ოჯახში პრობლემები შეუქმნას.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აქეთ-იქით ცქერას ჯობს საკუთარი ქვეყნის საშინაო საქმეებით დაკავდეთ, მიმართა ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც მანამდე ბელარუსის ლიდერს პოსტიდან წასვლა ურჩია. 

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ლუკაშენკოს პრეს-მდივანმა ნატალია ეისმონტმა გაავრცელა.

„როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა უმწიფარს, მსურს ვურჩიო ბატონ მაკრონს, ნაკლებად იყუროს აქეთ-იქით და ამის ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის საშინაო საქმეებით დაკავდეს. იმ პრობლემების გადაჭრა მაინც დაიწყოს, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა“, — ციტირებს ეისმონტი ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებს.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, თავად დატოვოს პოსტი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

„თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, მისივე ლოგიკით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გადამდგარიყო, როდესაც პარიზის ქუჩებში „ყვითელმა ჟილეტებმა“ დაიწყეს გამოსვლა“, — აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, „წლები გადის, „ყვითელი ჟილეტები“ ისევ ქუჩაში არიან და ბატონი მაკრონიც, საოცარია, მაგრამ ისევ თანამდებობაზე რჩება“.  

ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთ ექს–კანდიდატს.

  • „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ექს-კანდიდატი ქალბატონია, საფრანგეთის ლიდერი რისკავს, რომ საფრანგეთის შიდა პრობლემებთან ერთად პირადიც მიიღოს — საკუთარ სახლში“, — აცხადებს ლუკაშენკო.

მანამდე ემანუელ მაკრონმა გამოცემა Journal du Dimanche-სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ბელარუსების სიმამაცით, „რომლებიც აცნობიერებენ, რა რისკზე მიდიან ყოველ კვირას დემონსტრაციაზე გასვლით, მაგრამ მაინც განაგრძობენ ამის კეთებას, რათა სული შთაბერონ დემოკრატიას, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ითრგუნება“.