ყვითელი ამბები

„ვაიმე, ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს...“ – ია სუხიტაშვილი განცხადებას ავრცელებს

მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ საოცარი აღიარება მოიპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც სან-სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს და ემოციებზე წერს.

მსახიობი საქართველოს ამ გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ ფილმმა რეკორდი მოხსნა.

„დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხარ. ვაიმე, ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო გილოცავ”, – დაწერა მსახიობმა.

რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი ჯილდო მთავარ ნომინაციებში:

დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი).

ზუსტად ერთი კვირის წინ ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა.

დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეთა ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.