გახარია ბრიუსელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 29–30 სექტემბერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაში, ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ეს გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტია ბრიუსელში მთავრობის მეთაურის რანგში.

29 სექტემბერს დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში გახარია შეხვდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს შარლ მიშელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მარგარიტის სხინასს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ-მარია სასოლის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.