თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში 400-ზე მეტი პირი კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებს დატოვებს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება, რაც ინფიცირების შემთხვევების დღე-ღამური მაჩვენებლის 59%-ს შეადგენს.
„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამის შესაბამისად დღეს დღის ბოლომდე გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც როგორც ჰოსპიტლებიდან, ასევე კოვიდ-სასტუმროებიდან ბინაზე გაეწერება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთული, მაგრამ აბსოლუტურად კონტროლირებადია.
დღემდე აჭარაში 2 100-ზე მეტი ინფიცირებული იყო რეგისტრირებული, რასაც დღეს კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტები გამოაკლდებიან.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.