თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბლუმში“ ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

„კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარედ, ერეკლე მეორის #11-ში, კაფე „ბლუმში“ მოხდა ხანძარი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. დამწვარია 200 კვადრატამდე, შენობაში არსებული ფართობი. ხანძარი ამ დროისთვის არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

სახანძრო-სამაშველო ძალებს ახალი სპეცტექნიკა შეემატა: ვიდეო

მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. კაფეს თანამშრომლები მეხანძრე მაშველების მოსვლამდე გარეთ გავიდნენ. ამ დროისთვის გავრცელების საფრთხე აღარ არის.

მისივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო ავტოცისტერნა და ერთი სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.