14 მოსწავლის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია: რა ვითარებაა სამეგრელოში

ინფიცირებულთა შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის, ინგირის, დიდინეძის და ზუგდიდის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელთა ინფიცირების წყარო რეპეტიტორია, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ „Sputnik-საქართველოსთან“

რეგიონში გუშინ კორონავირუსზე PCR-ტესტი 200 მოქალაქეს ჩაუტარდა და აქედან დადებითი პასუხი 20 შემთხვევაში დაფიქსირდა.

თორიას განცხადებით, ინფიცირებული არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის, ინგირის, დიდინეძის და ქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის სამივე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – მუნიციპალიტეტის სკოლებში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთის მცხოვრებია, რომელთაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ინფიცირებულთა შორის ერთი მარტვილიდანაა, ერთი საბერიოს კლასტერს, ერთი შემთხვევა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„ზუგდიდში გამოვლენილი 15 შემთხვევიდან 14 არასრულწლოვანია, რომელთა ინფიცირების წყარო ერთ-ერთი საგნის რეპეტიტორია. ეს პედაგოგი თავად ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში ჯამში 173 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 69 პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია