საქართველოში შინაური ცხოველების ვაქცინაცია ცოფზე მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს ვაკის პარკის შესასვლელთან და დიღმის ტყე-პარკში შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩატარდება, ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ და რა ადგილებშია ცხოველის ნაკბენი განსაკუთრებით საშიში

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს უკვე ვაქცინირებულია 210 000 ცხოველი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლენის შემთხვევები 2012 წელთან შედარებით 63%-ით არის შემცირებული.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ, ყოველწლიური რევაქცინაცია როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

თბილისში ცხოველებში ცოფის კიდევ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 260 ათასზე მეტ ცხოველს ცრის, ხოლო ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში დაავადების ამთვისებელ ცხოველებს ინფექციის კერაში იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.

აცრა ვაკის პარკის შესასვლელთან დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო დიღმის ტყე-პარკში 13:30 საათზე.