პრემიერი: პირველ რიგში გავუფრთხილდეთ რისკ-ჯგუფებს, მოხუცებს...

პრემიერმა მოუწოდა ხანდაზმულ ადამიანებს, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრებთ, სახლში დარჩნენ და ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ყველა რეკომენდაცია შეასრულონ
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო და მოსახლეობამ კორონავირუსთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5254-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28.

გახარიამ ყურადღება გაამახვილა ისეთი რეკომენდაციების სავალდებულო შესრულებაზე, როგორიცაა პირბადეების ტარება, დისტანციის და ჰიგიენის წესების დაცვა. რადგან საქართველოში ბევრია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანი, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ქვეყნის მასშტაბით 20 კრიტიკული პაციენტია: COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში

„ინფიცირების რაოდენობის ზრდა გვაქვს და გვექნება კიდეც, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას, ამას ყოველთვის ვამბობდით... პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადების მატარებელ ადამიანებს, აქ განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. უფრო მეტიც, ალბათ სწორია რეკომენდაცია, რომ აჭარაში განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში, ეს ძალიან სწორი რეკომენდაციაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს განათლება, ეკონომიკა, პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა პრემიერმა.

სიტუაცია აჭარაში

სექტემბერში აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია საგანგაშო გახდა. ბოლო დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი 1,8 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, პაციენტებს შორის არის მძიმე შემთხვევები, რომელთაც ხელოვნური სუნთქვის აპარატები ესაჭიროებათ.

კორონავირუსი და სიკვდილი: ჯანმო COVID-19-ით ორ მილიონ მსხვერპლს წინასწარმეტყველებს >>

„კლინიკებში მკურნალობას გადის 480 პაციენტი, აქედან 15 ორსულია, 41 კი არასრულწლოვანი. კოვიდკარანტინებში კი დღეისთვის 989 ადამიანია მეთვალყურეობის ქვეშ, აქედან 71-ია ბავშვი",- განუცხადა ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს.